რადას დეპუტატების მიმართვა ზურაბიშვილს და ღარიბაშვილს

უკრაინის რადას დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას სთხოვენ. ისინი საქართველოში სპეციალურ მიმართვას აგზავნიან, რომელსაც გამოცემა ГОРДОН ავრცელებს.

დეპუტატები დოკუმენტში ყურადღებას ამახვილებენ, რომ უკრაინასა და საქართველოს “ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და დროში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობა” აერთიანებს. ასევე, ისინი მადლობას უხდიან საქართველოს ყირიმის პლატფორმის სამიტში ღარიბაშვილის მონაწილეობისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე უკრაინის ინიციატივების მხარდაჭერისთვის.

ჩვენმა ორმა ერმა იცის თავისუფლების უმაღლესი ფასი და მზადაა ის სიცოცხლის ფასად, უყოყმანოდ დაიცვას. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის პრინციპები მტკიცედაა ფესვგადგმული ჩვენს ცხოვრებაში. ამის გაცნობიერებით, ღრმად ვართ შეშფოთებულები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ შექმნილი ვითარება, – წერია რადა-ს დეპუტატების მიმართვაში. 

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვა უკრაინის ვალდებულებაა, რომლის მოქალაქეც მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან არის.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ, მის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად ემუქრებოდა. სასწრაფოდ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მაღალი კლასის სამოქალაქო კერძო საავადმყოფოში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ისევე როგორც უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების სათანასოს დაცვის აუცილებლობით, მოგიწოდებთ: სასწრაფოდ მიაწოდოთ მიხეილ სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, რაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, რათა მიხეილ სააკაშვილს შეეძლოს თავისუფლად მოიპოვოს სათანადო საკონსულო და სამართლებრივი დაცვა, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ის უკრაინაში, – წერია მიმართვაში. 

დოკუმენტს ხელს რადას 89 დეპუტატი აწერს, მათ შორის არიან ფრაქცია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი დავით არახამია და ლიზა იასკო, ასევე, სიაში არიან ფრაქცია “ხმა”-სა და “ბატკივშჩინას” წარმომადგენლები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share