“მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა” – ასე ეხმაურება გლდანის ციხის საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტის ძალის გამოყენებით გადაყვანას The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი.
“მძულს ჩემი საყვარელი საქართველოს საშინაო საქმეებზე კომენტარის გაკეთება. მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა. სანამ ის პატიმრობაში რჩება, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს მისი კეთილდღეობა. ის იმსახურებს უფლებას, დაიცვას თავი ნებისმიერი ბრალდებისგან სამართლიან და გამჭვირვალე სასამართლოში”, – წერს ლუკ კოფი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ადგილსამყოფელი ოჯახმა და ადვოკატებმა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არ იცოდნენ. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაშია.
მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ, დაწესებულების ტერიტორიაზე სპეცრაზმი და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. ამასთან, მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ეს დაწესებულება სამკურნალოდ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, შენობაში ტომოგრაფიის აპარატი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიყვანის შემდეგ შეიტანეს.
აღსანიშნავია, რომ მასთან გუშინ არც ადვოკატები შეუშვეს და არც მისი პირადი ექიმი. ეს გადაწყვეტილება პენიტენციურმა არასამუშაო საათებით ახსნა.