საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან საქართველოს მასშტაბით ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად – ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის პჯრ-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
ამ გადაწყვეტილებით რიგ დაწესებულებებში მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ შესვლას, ვისაც მწვანე პასპორტი აქვთ.
როგორც ცნობილია, ამ პრინციპით არ შეიზღუდებიან ის ადამიანები, რომლებიც სკოლის თანამშრომლები არიან და სკოლის შენობაში შესვლა სურთ. თუმცა, ამავდროულად, დგას საკითხი, მოუწევთ თუ არა მშობლებს სკოლაში შესასვლელად მწვანე პასპორტის წარდგენა.
აღნიშნული თემით Etaloni.ge დაინტერესდა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდა.
სამინისტროს ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ ეს რეგულაცია მშობლებს არ შეეხებათ. ზოგადად კი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, სკოლის შენობაში მშობლების შესვლა ისედაც არაა რეკომენდირებული.