ამერიკის ყოფილი ელჩის საქართველოში, იან კელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მისი რიტორიკით და ქმედებებით სიტუაციის განმუხტვას არ ცდილობს. მისივე თქმით, “ოცნება” ცდილობს მიხეილ სააკაშვილი დაამციროს და “ნაციონალური მოძრაობის” პროვოცირება გამოიწვიონ, რათა შემდეგ პროტესტი ძალისმიერი მეთოდით ჩაახშონ.
იან კელი ამბობს, რომ დასავლეთი მმართველი პარტიის ქმედებებით შეშფოთებულია.
“მთავრობის ქმედებებიდან და რიტორიკიდან გამომდინარე, ისინი არ ცდილობენ სიტუაციის დეესკალაციას, არამდე პირიქით, უფრო მეტი ესკალაციისკენ არიან მიმართულნი. ამაზე გუშინდელი ქმედებაც მოწმობს, როდესაც მეტი გამჭვირვალეობისა და წინასწარი გამოცხადების ნაცვლად სააკაშვილი ჩასვეს ვერტმფრენში და გადაიყვანეს არა სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, როგორც ამის რეკომენდაციას იძლეოდნენ სახალხო დამცველი და ექიმების კონსილიუმი, არამედ იმ ციხის საავადმყოფოში, რომელიც სავსეა ნეგატიური სიმბოლიზმით, რა თქმა იმ ვიდეოების გათვალისწინებით, რომლებიც 2012 წელს გამოქვეყნდა. ჩემი აზრით, ეს არის ყოფილი პრეზიდენტის დამცირების მცდელობა. იუსტიციის მინისტრის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ საერთოდ გამაოგნა. მათ თქვეს, რომ სააკაშვილი ჭამდა, როცა სინამდვილეში ეს იყო ექიმების მიერ გამოწერილი მინერალები და სხვა მსგავსი სამედიცინო საშუალებები. ამიტომ, ცოტათი გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება მთავრობის მსგავსი ქმედებები, მე შთაბეჭდილება მექმნება, რომ ისინი ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის” პროვოცირებას, რომ შემდეგ მათი პროტესტი ძალისმიერი მეთოდით ჩაახშონ.
ამიტომ, ახლა დასავლეთი ძალიან არის შეშფოთებული მმართველი პარტიის ამ ქმედებებით, რომლებიც თავისთავად ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, მართლა სურს თუ არა ქართულ ოცნებას დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანება”, – თქვა იან კელიმ.
იან კელიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აუცილებლად შეაფასებს საქართველოსადმი მხარდაჭერას, ასევე იქნება მსჯელობა ფინანსური დახმარების პირობითობაზე.
“მე ვფიქრობ, ვაშინგტონში აუცილებლად იქნება საქართველოსადმი მხარდაჭერის ხელახლა შეფასება. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე იმისათვის, რომ საქართველომ რუსული აგრესია შეაჩეროს, მაგრამ ჩემი აზრით, იქნება ფინანსური დახმარების პირობითობაზე მსჯელობა, როდესაც საქმე ეხება მხარდაჭერას მთავრობის მიმართ. საქართველოს მთავრობა უნდა ეცადოს, რომ სიტუაცია შემოაბრუნოს, რადგან ახლა ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ისინი დასავლეთს ზურგს აქცევენ”, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 41 დღეა შიმშილობს. დღეს მისი სასამართლო პროცესია ჩანიშნული, თუმცა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში არ გადაჰყავთ.