ევროპის უდიდესი და გერმანიის ყველაზე გავლენიანი ყოველკვირეული ჟურნალი SPIEGEL-ი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 8-წლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდა და 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების გასაპროტესტებლად კი მან იმავე დღიდან შიმშილობა დაიწყო.
გამოცემა წერს, რომ შიმშილობის 39-ე დღეს, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ყოფილი პრეზიდენტი შიშობს, რომ ამის მიზანი მისი ლიკვიდაციაა.
სტატიაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის იმ წერილზე, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მიიყვანეს ის ციხის საავადმყოფოში – მცველები მას სასტიკად მოეპყრნენ, კისერში დაარტყეს და თმით იატაკზე გაათრიეს.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტს 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ “მისი ჯანმრთელობის გაუარესების” თავიდან აცილებით ხსნის, ოპოზიცია და ადვოკატები კი შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ იქ, სადაც მსჯავრდებულები სამედიცინო პერსონალის მოვალეობებსაც ასრულებენ, მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება.
გამოცემას არ გამორჩენია ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, ციხეში მიხეილ სააკაშვილის შეყვანას “ხმაურიანი ამბოხი” მოჰყვა.
SPIEGEL-ი წერს, რომ საგამოძიებო მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გადატრიალების დაგეგმვაშიც ადანაშაულებს. ასევე, სტატიაში ნათქვამია, რომ ქვეყნის პრემიერის განცხადებამ “თვითმკვლელობის უფლებაზე” აღშფოთება გამოიწვია.