სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ირინა ცინცაძის შეფასებით, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას პოლიტიკურ შურისძიებაა.
მისი ინფორმაციით, პალატაში სანიტრებად პატიმრები მუშაობენ და შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული არ არის.
“ახლა ეს ადამიანი არის ციხის საავადმყოფოში, რომელშიც ყველა ფანჯარა, რომელიც ყოფს პალატას დერეფნისგან არის ღია, იქ ყველა პატიმარს შეუძლია თავისი “აზრის” გამოხატვა თავისუფლად. გარდა მაგისა იქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკმაოდ ხშირად არიან პატიმრები, რომლებიც დასაქმებული არიან, როგორც სანიტრები და ესენი პატიმრები არიან. ჩვენ არ ვიცით, რა გარიგებაზე შეიძლება წავიდეს შავი სამყარო…
მათ [ხელისუფლებამ] გადასარევად იცოდა, სად მიჰყავდათ და გადასარევად იცოდნენ, რატომ მიიყვანეს, მიიყვანეს ამისთვის. ყველამ მშვენივრად იცოდა, რა ტიპის საშიშროება შეიძლება იყოს ციხეში”,- თქვა ირინა ცინცაძემ “დღის სტუმარში”.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში 9 ნოემბერს, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.