ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს – ომბუდსმენი 46 დაკავებულზე

სახალხო დამცველის აპარატი დღეს გამართულ აქციებზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შსს აგრძელებს ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკას, როდესაც დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს დიდი ხნის განმავლობაში არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დროულად ინფორმაციის მიღებას, ვერც სახალხო დამცველი ვერ ახერხებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს უწყებას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს, დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატში ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს. რიგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიც ვერ ახერხებს ინფორმაციის დროულად მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, კვლავ გააგრძელა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას, მათთან გასაუბრებას და დაცვის სტრატეგიის შეთანხმებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადვოკატებისთვის ცნობილია დაკავებულთა ადგილსამყოფელი, მათ საათების განმავლობაში ექმნებათ დაბრკოლება დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ და მისცეს ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეუფერხებელი შეხვედრის შესაძლებლობა. ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამომავლოდაც, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მოახდინოს დაკავებულების შესახებ შესაბამისი პირების სწრაფი ინფორმირება – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს 11:00 საათზე, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სუს-სთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთი საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა ჯამში 46 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არიან, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

აქციაზე შეკრებილები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და მიტაცებული არჩევნების დაბრუნებას მოითხოვდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share