ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს მესამე პრეზიდენტს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ამასთან, იგი მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა.
“სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე, ამჟამინდელი მდგომარეობა ჯანმრთელობის და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ამ წუთისთვის მე-18 დაწესებულებაში. ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა. ასევე, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფო, რომ მისი ადეკვატური რეაბილიტაცია და მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი.
ჩვენ დაგვევალა, რომ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
24 ნოემბერს, კიდევ ერთხელ, ეს ინფორმაციები შეჯერდება და მაღალი ალბათობით, კვლავ იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება”, – ამბობს ნიკა გვარამია.
გვარამია აღნიშნავს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი საერთაშორისოდ აღიარებულია. მისივე თქმით, შიმშილობასთან და სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააკაშვილთან ხვალ ისაუბრებენ.
რა იგულისხმება ადეკვატურ მკურნალობაში, სტრასბურგის სასამართლოს დაკონკრეტებული არ აქვს. როგორც გვარამია განმარტავს, ეს უკვე დამოკიდებულია სახელმწიფოზეა დამოკიდებული და მას აქვს დავალებული.
“თუ მისი გადაწყვეტილება გაგრძელდება გლდანის ციხის მიმართულებით, სახელმწიფო ამ საქმეს წააგებს უკვე. 24 ნოემბრამდე უმძიმესი პირობების წინაშე დადგება, რადგან უბრალოდ ვერ შესრულდება ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ცხადია გვერჩივნა, რომ პირდაპირ მითითება ყოფილიყო გადაყვანასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი რაღაცები პრაქტიკულად არ ხდება”, – ამბობს გვარამია.