“პროცესი ჩვენი გეგმით მიდის. ივანიშვილის რეჟიმმა იცის, რომ არ ეყოფა გამძლეობა ხანგრძლივ პროტესტს გაუძლოს“, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე წერს.
მელია წერს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული კადრები “არის მაგალითი “ოცნების” ველურობის, სიცბიერის, მატყუარობის, ფლიდობის და მეორე მხარეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გაუტეხლობის პუტინის ჯალათების წინაშე”.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“პროცესი ჩვენი გეგმით მიდის. ივანიშვილის რეჟიმმა იცის, რომ არ ეყოფა გამძლეობა ხანგრძლივ პროტესტს გაუძლოს.
8 ნოემბერს მათ ჩვენი მრავალათასიანი აქციის წინ სააკაშვილის გატაცება და გლდანში გადაყვანა იმიტომ დაგეგმეს, რომ გამწარებული ხალხის კოლონები ციხესთან მისულიყო, იქ პროვოკაციას მოგვიწყობდნენ და მასობრივი დაჭერებით ჩაახშობდენ მოძრაობას, ასევე მიშასაც პროვოკაციას მოუწყობდნენ ციხის შიგნით.
მიზანი აქვთ რაც შეიძლება მალე ჩაგვითრიონ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რადგან მხოლოდ ძალა ერჩით და ეშინიათ, რომ მალე თავად პოლიციაც აღარ დაემორჩილებათ. ამიტომ, ჩვენ მიზანია თავიდან ავიცილოთ ასეთი დაპირისპირება, ძმათა შორის მუშტიკრივი. ჩვენ არაძალადობრივად გამოვაცლით მათ პოლიტიკურ ძალაუფლებას და დავუბრუნებთ ხალხს.
ჩვენი გეგმა ყოველდღიური პროტესტია, რომელიც ფიტავს და ასუსტებს რეჟიმს. ათასობით ადამიანი მზადაა ეს ყოველდღე აკეთოს, ათი ათასობით მზადაა შემოგვიერთდეს დიდ საპროტესტო დემონსტრაციებზე, რომელსაც ასევე ვგევმავთ.
თავის პროტესტს გეგმავს ძალიან ბევრი ჩვენგან დამოუკიდებელი ჯგუფი. ეს ერთი დიდი ტალღა იქნება, რომელიც მარტო საპოლიციო ძალის იმედად დარჩენილ რეჟიმს ჩამოანგრევს. ადამიანებს ესმით, რომ ეს ბრძოლა, მიშას დახსნასთან ერთად სხვა ბრძოლაცაა – ვიქნებით ჩვენ ნორმალური დემოკრატიული დასავლური ქვეყანა თუ რუსეთის უკანა ეზო.
ყველას ესმის, რომ მიტაცებული არჩევნებით, დატყვევებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მოსკოვის ომონის მეთოდებით მოქმედი პოლიციით, ანტიდასავლური იდეოლოგიით გაჯერებული რეჟიმი რუსეთის მსახურია. ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, გარდა ივანიშვილის პირადი საძაგელი და არაკაცული შურისძიებისა – არის ძღვენი პუტინს.
კარგად ჩანს, მიშას სიძლიერე და სიმტკიცე. როგორ ახერხებს ტყვეობაში მყოფი ადამიანი ბრძოლას და სისტემის ნგრევას. ეს მაგა.ლითი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, მაგალითი სიმტკიცისა და გაუტეხლობის. კარგად ჩანს როგორ იქცევა სისტემა, როგორ აფთრებივით დასტრიალებენ თავს მაგრამ ვერაფერს აკლებენ.
რეჟიმის გავრცელებულივე კადრები ბოლოს უღებს რეჟიმს. ეს კადრები არის მაგალითი მათი ველურობის, სიცბიერის, მატყუარობის, ფლიდობის და მეორე მხარეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გაუტეხლობის პუტინის ჯალათების წინაშე. რამდენადაც ამაზრზენი არ უნდა იყოს ღარიბაშვილი ან კობახიძე, კალაძე, ბრეგაძე… ფოკუსი არ უნდა დაგვეკარგოს!
ეს ხალხი დაქოქილი ბოროტი თოჯინები არიან. მარიონეტები. ყველა უბედურების სათავე არის ერთი კაცი – ივანიშვილი (რომელიც უკვე კაცმა არ იცის სად არის). ისაა შემოქმედი ამ ტიპის ქვეყნის, რომელიც ვერ ვითარდება, ღარიბდება, სიძულვილის ტყვეობაშია. მოსმენები, ძალადობა, უტიფრობა, ინსტიტუტების ნგრევა – ყველაფერი ივანაშვილია.
ახლა რაც ხდება ესეც 100% ივანიშვილია. ის ჩიტოც, კუპატაძეც, გოგა მემანიშვილიც, სერგო ბზიშვილიც, ვაჟა სირაძეც, ყგელა მოძალადე პოლიციელიც ივანიშვილია. ისაა მთავარი კრიმინალი. 90 იანი წლების რუსეთში კრიმინალური აბშიაკის ბანკირი. ყველაფერი მაგრად იქნება!, – წერს მელია.