მოვუწოდებთ პენიტენციურს, შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეო კადრების გავრცელება – საია

სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის, პატივისა და ღირსების უფლებას და დაუსაბუთებლად ასაჯაროებს ვიდეო კადრებს – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ავრცელებს:

“სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერების დაუსაბუთებლად გავრცელებას.

მიუხედავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არაერთი გაფრთხილებისა, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებისა, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის, პატივისა და ღირსების უფლებას და დაუსაბუთებლად ასაჯაროებს ვიდეო კადრებს.

მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს:

შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეო კადრების გავრცელება და დაელოდოს ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან საკითხის შესწავლის დასრულებას;

ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან ჩანაწერებში არსებულ სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.” ნათქვამია საიას განცხადებაში.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად დღეს გაავრცელა. მასალაში კარგად ჩანს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share