ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები დღეს გრიფით საიდუმლო მასალებს უნდა გაცნობოდნენ, თუმცა პროკურატურამ საკითხი გადაავადა.
ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის, აზრით, პროკურატურა განზრახ აჭიანურებს საიდუმლო მასალების ადვოკატებისთვის გაცნობას.
“ამდენი ხანია ველოდები მასალებთან გაცნობას. ნელ-ნელა ირკვევა, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა და არც მუხლის გადაკვალიფიცირება უნდათ. არ გავჩერდები, სანამ სინამრთლეს არ მივაკვლევ”, – ამბობს თამაზაშვილი.
ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, “საიდუმლო ერთადერთია – ჯგუფი, შემსრულებლები, ორგანიზატორები და დანაშაულის დამგეგმავი – მათ შეიწირეს ბაჩალიაშვილის სიცოცხლე”.
შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში, ამ საქმის ერთ-ერთი მოწმე, ე.წ. სატელიტის ფოტოების საკითხზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს რაიონში მაწევნის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.