“სააკაშვლის საქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არის პრეტენზია…რათა რამენაირად ციხის გარეთ გავიდეს”- შალვა პაპუაშვილი

ყველა მსჯავრდებულს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო მომსახურება უნდა გაეწიოს. მას შემდეგ, რაც შიმშილობას შეწყვეტს, ასევე გაეწიოს შესაბამისი სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი პირობა, რასაც კანონმდებლობა ადგენს. როგორც პაპუაშვილი ამბობს, სააკაშვილის საქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე მოთხოვნის მიზანია, რამენაირად ციხის გარეთ მოახვედრონ.

„ეს არის ერთადერთი პირობა, რასაც კანონმდებლობა ადგენს და რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სკუპლოზურად მიჰყვება. რაც ქართულ კანონმდებლობას სცდება, რაც ულტიმატუმის ხასიათის მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს გათვალისწინებული. დღემდე არ არსებობს რაიმე პრეტენზია იმ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს. საუბარია, რომ რაღაც შეიძლება საჭირო გახდეს. 43 დღე გავიდა, რაც სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და დღემდე არ ყოფილა პრეტენზია გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. არ არსებობს არავითარი საფუძველი, გვქონდეს ეჭვი, რომ ამის იქეთ გაწეული სამედიცინო მომსახურება სათანადო სტანდარტის არ იქნება. ამის იქეთ დაყენებული პირობები ადასტურებს ეჭვს, რომ არსებობს გეგმა, რამენაირად მიხეილ სააკაშვილი ციხის გარეთ მოახვედრონ და შემდეგ გარკვეული ქმედებები დაიწყონ, რაზეც ღიადაც საუბრობენ. მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან გამოვლილი თითოეული დღე ადასტურებს, რომ მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ჰქონდა შეთავაზებული, რაც ყველა დადგენილ სტანდარტს პასუხობს. მისი საქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არის პრეტენზია იმისთვის, რომ რამენაირად ციხის გარეთ გავიდეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share