ქართველი მომღერალი და მსახიობი, ბუბა კიკაბიძე, 11 ნოემბერს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის უკან, უკრაინაში დაბრუნება სთხოვა. რადიოთავისუფლებამ ბუბა კიკაბიძესთან შეხვედრის შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა.
„ძალიან კარგად მიმიღო. თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოვუყევი. მე ვკითხე, ბრძოლა წესების გარეშე გიყვარს-მეთქი? კიო. ჩამოდით-მეთქი თბილისში და ნამდვილ ბრძოლას წესების გარეშე განახებთ-მეთქი. ყველა სოფელს და ქალაქს მოგატარებთ, სადაც ურტყამენ ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს. გუშინ კიდევ 60 კაცი დააკავეს, წამდაუწუმ არის ატეხილი ცემა-ტყეპა-მეთქი. ყველაფერი მოვუყევი და ვუთხარი, შენ ხომ ხარ, კაცო, უკრაინის პრეზიდენტი, ჰოდა, ეს (სააკაშვილი) შენი მოქალაქეა და შენ ის უნდა წაიყვანო. იმიტომ, რომ მანამ თქვენ ამას თავს მოაბამთ, ის (სააკაშვილი) იქ შეიძლება მოკლან-მეთქი. აი, ეგეთი ლაპარაკი იყო და იმ წუთშივე, საღამოს უკვე დაიწყო ტელეფონით ლაპარაკი საქართველოსთან და მიუსია ხალხი. ეგეთი ამბავი, რა.
მე ვუთხარი, დააბრუნე და მერე ერთმანეთში გაარკვიეთ, გინდათ, თქვენთან იყოს თუ – არა. მთავარია, რომ (სააკაშვილი) სიკვდილს გადავარჩინოთ-მეთქი. მე ვუთხარი, რომ ოჯახის ახლობელი ვარ და ჩამოვედი, რომ ეგ გითხრათ, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა-მეთქი და ყველაფერი მოვუყევი, რაც (საქართველოში) ხდება. ეგ (ზელენსკი) კაი ბიჭია, მაგას იქაც აწვებიან თავის იმაში, ქვეყანაში, მაგრამ, როგორც კი მითხრა ჰო, ორ საათში დაიწყო ამაზე მუშაობა”,- ამბობს კიკაბიძე.
12 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საკითხი დააყენა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას. ზელენსკის პრესსამსახურის მიერ დღეს, 12 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა დასვა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი და ხაზი გაუსვა, რომ ეს უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.