“შვედეთს ბათუმში გამარჯვება ესაჭიროებოდა, რათა ესპანეთთან ფინალურ მატჩს პირველ ადგილზე შეხვედროდა, მაგრამ მოდუნებამ დააღალატა.
მომენტების ასე განიავება არ შეიძლება. ჯერ კიდევ შესვენებამდე კლასონი ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ ძლივს მიარტყა ბურთს ფეხი და გურამ კაშიამ გამოიტანა. შემდეგ ზლატანმა დარტყმის მაგივრად რამდენიმე მეტრიდან მეკარეს პასი გაუკეთა. ცენტრში გარღვევაზე გასულმა ისაკმაც ვერ დაარტყა უკეთ.
და რამდენი ნახევარმომენტი იყო, არასწორი გადაწყვეტილება და უბრალოდ პიჟონობა.
მეორე ტაიმის დასაწყისში იბრაჰიმოვიჩის მიერ ბურთის დაგდების მერე კლასონმა კიდევ ერთი ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. საქართველომ ანგარიში პირველივე სტანდარტულიდან გახსნა – „რუბინის“ 20 წლის ლიდერმა კვარაცხელიამ ყველაზე უკეთ მოახერხა ჯგლეთაში ორიენტირება.
იქ ზლატანსაც უნდა გამოეჩინა თავი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, 40 წლის ვეტერანი მოედანზე თავს არაკომფორტულად გრძნობდა. მისი ახალგაზრდა პარტნიორები ხშირად რაღაც თავისას თამაშობდნენ და მისთვის ადვილი არ იყო საერთო სურათში საკუთარი ადგილის მონახვა.
ხვიჩა კი სივრცეში უბრალოდ ღვთაებრივად უტევდა. მისი პირველი გარღვევა კინაღამ გოლით დასრულდა – თავისი გუნდი ოლსენმა გადაარჩინა, ხოლო მეორე ცდიდან კვარაცხელიამ ლინდელოფსა და კომპანიას შეცდომა არ აპატია.