„ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს”. – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ თქვა.
მისი შეფასებით, პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში არჩევნების მეორე ტური საზოგადოებამ მშვიდ გარემოში ჩაატარა და ქვეყნის მართვის სადავეები ქართულ ოცნებას დაუტოვა, თუმცა ოპოზიციური სპექტრი უფრო მრავალფეროვანი გახადა.
„ეპიდემიოლოგიურად ვითარება რთულია. ვიმყოფებით მეორე ტალღის მაღალი გავრცელების ფაზაში, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ქუჩის აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ. თუ სასწრაფოდ არ მოხდა ვითარების სტაბილიზაცია, შესაძლოა, ქვეყანამ და საზოგადოებამ გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს.
ამისათვის, გარდა ეპიდკონტროლისა, საჭიროა საზოგადოების დამყოლობა და პოლიტიკური სტაბილურობა, რისთვისაც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. პარლამენტის გამართულ და სრულფასოვან მუშაობას კი ალტერნატივა არ აქვს. დღეს არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა, მეტ-ნაკლებად – ყველასია”. –ამბობს ხუნდაძე.
24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.
მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.