პარლამენტთან ენმ-ს აქცია იწყება

პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია იწყება. მოქალაქეები უკვე იკრიბებიან.

აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. დღევანდელი აქცია იმ უწყვეტი აქციების გაგრძელებაა, რომელსაც ენმ პერიოდულად მართავს.

დღევანდელი აქცია ზუსტად გაგრძელებაა იმ საპროტესტო აქციების, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისში, დღეს შევიკრიბებით რუსთაველზე, ბევრნი, ხვალიდან გაგრძელდება სხვა ფორმით, იქნება სხვადასხვა ლოკაციები, იქნება მუდმივი პროტესტი არაძალადობრივი მაგრამ მტკიცე პროცესი და აი ასე, ჩვენ, მიზანმიმართულად, ცივი გონებით, მაგრამ ხმამაღალი პროტესტით, უნდა მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე.

უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა ჩვენს მოთხოვნებში არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იქნეს გადაყვანილი შესაბამის კლინიკაში, იმიტომ რომ ყოველი საათი, ყოველი დღე არის ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანი, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ეს დაინახა მთელმა მსოფლიომ, იმ კადრების გავრცელების შემდეგ, რაც ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ. მას არ მიეწოდება არა მხოლოდ ჯანდაცვის სერვისები, არამედ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. მთავარია არ ავყვეთ ხელისუფლების დაგეგმილ პროვოკაციებს, ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაშორდეს ევროპას” – ამბობს ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი

დღევანდელი აქცია გუშინ ნიკა მელიამ დააანონსა და თქვა, რომ პარლამენტთან ელოდა ყველას ვისთვისაც მნიშნველოვანია როგორი იქნება საქართველო მომავალში.

“ხვალ, ვისთვისაც სულ ერთი ნამდვილად არ არის და ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში არის აბსოლუტურ უმრავლესობაში, გელოდებით 17:00 საათზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხვალ, პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, ორ ლოკაციაზე – დიდუბის და 300 არაგველის მეტროს სადგურებთან მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. მომიტინგეები მსვლელობით ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან მივიდნენ. ორივე შემთხვევაში აქციის მონაწილეები, კერძოდ კი ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრებთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა არც ერთი მათგანი მომიტინგეებს არ შეხვდა. ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა ლოკაციებზე მართავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share