მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე საქართველოში ჩამოსვლას და შიმშილობის დაწყებას აანონსებს. ხელოვანი კოლეგებს გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, შიმშილობა იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში.
მეგობრებო, მე ვიმყოფები უცხოეთში და იმ საშინელების ყურება, რაც საქართველოში ხდება აქედან კიდევ უფრო რთულია. ამიტომ გადავწყვიტე ხვალ წამოვიდე და ჩემი ქვეყნის გვერდით დავდგე ამ მძიმე ჟამს. თუკი ახლა არ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ის რაც ხდება, რამდენიმე გაველურებული ადამიანის პოზიციაა და არა ქართველი ხალხის, არის საშიშროება, რომ სამუდამოდ დაიკეტოს ჩვენთვის ცივილიზაციის კარი. ამიტომ მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში! ვიდრე არ იქნება მისი სიცოცხლე გადარჩენილი! ხელოვანებო, ჩემო კოლეგებო, მწერლებო, მხატვრებო, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ შემომიერთდით, თავისუფლება და მოყვასის სიყვარული ის მთავარი ფასეულობებია, რაც ოდითგან გვაერთიანებდა ყოველ ჩვენგანს! ჩვენ ვერ გავხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილენი! – წერს პაატა ბურჭულაძე.