“რას წერს გურულებზე პრუსიის სამეფოს პრინცი ალბრეხტ ჰოჰენცოლერნი,თავის გამოცემულ წიგნში ,,კავკასიაში 1862””-ირაკლი მახარაძე

ა, კიდო! 1862 წელს სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოში თავისი ამალით და რუსეთის მოხელეებისა და კაზაკთა რაზმის თანხლებით იმოგზაურა პრუსიის სამეფოს პრინცმა ალბრეხტ ჰოჰენცოლერნმა. 1865 წელს მან ბერლინში გამოსცა ამ მოგზაურობის აღწერა – ,,კავკასიაში 1862”, რომელშიაც რამდენიმე გვერდი მიძღვნილია მის ყოფნას გურიაში.
აი, ამონარიდი მისი წიგნიდან, რომლის ნაწყვეტები პირველად ცნობილმა ისტორიკოსმა ქველი ჩხატარაიშვილმა გამოაქვეყნა: ,,დიმიტრი გურიელს ახლდა მდიდრულ, ღია ფერების ტანსაცმელში ბრწყინვალედ გამოწყობილი 100-მდე მილიციონერი (მოლაშქრე): მოლაშქრეებს ეცვათ გურული ტანსაცმელი: ჩაქური ხავერდის შარვლები ან გრძელი თეთრი შარვლები, მუხლებამდე ვიწრო პაიჭები, წელსზემოთ ელეღსა და ზუპუნას ზემოდან, ღია წითელი ფერის მოკლე ჩოხა ანუ ჯანიო; წელზე ერტყათ ფართო, ოქროს სირმით მდიდრულად ნაქარგი ტყავის სარტყელი, რომელშიაც გაჩრილი იყო ყამა ან ხანჯალი და დამბაჩა. ფეხზე ეცვათ ფერადი ფეხსაცმელები. ყველას ჰქონდა ჩახმახიანი თოფი. გურულები მოხდენილად და მდიდრულად იყვნენ ჩაცმულნი. თვალს იტაცებდა გურულების სილამაზე: გრძელი, ფაქიზად გამოყვანილი ცხვირი, ფართო სუბლი, პატარა პირი, იშვიათი ელვარების მეტყველი შავი თვალები, მუქი, ესპანური სახის ფერი. ერთი სიტყვით, ამბობს პრუსიელი პრინცი, გურული კავკასიური რასის იდეალური ტიპიაო… გურულები ატარებენ მუქწითელი ფერის შალის ყაბალახებს, რომლებიც თავზე მოხდენილად აქვთ მოხვეული. ყაბალახი კარგად იცავს ცუდ ამინდში და კიდეც უხდებათ. ქერა ან წაბლისფერი თმა კარგად აქვთ მოვლილი. შემდეგ პრინცი აღნიშნავდა: დებულება, რომ შავსა და კასპიის ზღვებს შორის ადამიანთა უმშვენიერესი სახეობა სახლობს, არსად ისე არ დასტურდება, როგორც გურიაში, ოღონდ ეს გურულ მამაკაცებს ეხებაო, – ქალები მხოლოდ მაღალი საზოგადოების მანდილოსნები არიან აქ ლამაზებიო. გურულ მამაკაცზე უმშვენიერსს ვერაფერს ნახავთო და აღწერს მის ტანადობას, ძალოვანებას, კანის ფერს, წვერს, თვალებს, კბილებს, განიერ მკერდს, სწორ თეზოებს, მკლავებს, ჩაცმულობას და შეიარაღებას, რაც ყველაფერი ერთმანეთის შესაფერიაო და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამის მნახველი ევროპელი გაიგებს რა უპირატესობა აქვს კავკასიურ რასას სხვებთან შედარებით.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share