ხომ გინდათ მიშას გასამართლება? მოითხოვეთ მისი მიყვანა პროცესზე. მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი – “მთავარი არხის” ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვის ადრესატები “ოცნების” მხარდამჭერები არიან, რომელთაც ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის საჯარო გასამართლებას პირდებოდა.
“მივმართავ ქართული ოცნების მხარდამჭერებს. ამდენი ხანი ხომ იკვებებოდით დაპირებით, რომ მიშას გაასამართლდებდა ეს ხელისუფლება. მიშა მზად არის საჯარო სასამართლო მოუწყონ.
რაც ნიშნავს იმას რომ პირდაპირ ეთერში უყურებთ ყველა, ვინც ნაწყენი და გაბრაზებული ხართ. ქართული ოცნება კეტავს ყველა კარს. პროცესზე არ მიჰყავთ თავად ბრალდებული, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი სასამართლო არ არსებობს.
ხომ გინდათ მიშას გასამართლება? მოითხოვეთ მისი მიყვანა პროცესზე. მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი”,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მთავარ ბრალდებულს, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც დღეს მისცეს.