დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ვიდრე არ იქნება დაცული ელემენტარული უფლებები, პარლამენტის სხდომებზე დასწრების აზრს ვერ ხედავს. თუმცა, მისი თქმით, საპარლამენტო ტრიბუნას მაინც გამოიყენებს.
ტარიელ ნაკაიძის თქმით, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
“დღეს ჩვენ ამ დარბაზში უნდა ვმსჯელობდეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, თუმცა სამარცხვინოდ ვერ გასცდა ჩვენი დღის წესრიგი ელემენტარული უფლებების უზრუნველყოფის მოთხოვნებს, ვიდრე არ დადგება დრო ქვეყანაში როცა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების რეალიზებისა, ვთვლი, რომ ამ დარბაზში ყოფნას აზრი არა აქვს. იმასაც დავამატებ, რომ აუცილებლად გამოვიყენებ ამ ტრიბუნას“. – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
ტარიელ ნაკაიძემ ხელისუფლებას მოუწოდა, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში.
„მოგიწოდებთ ხელისუფლებას, დროულად გადაიყვანეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე, სამწუხაროდ, არ შემოგაკვდეთ ადამიანი. ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები – ეს იქნება შანსი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გადარჩენის და ამავე დროს თქვენი პოლიტიკური გადარჩენისაც”. – თქვა ტარიელ ნაკაიძემ.