ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მესამე პრეზიდენტთან ექიმთა კონსილიუმის და მიწვეული ექსპერტების შეშვების საჭიროება არ დგას.
მისი აზრით, საჭიროების შემთხვევაში გლდანის ციხის საავადმყოფოს სპეციალისტის მოწვევა სამოქალაქო კლინიკებიდან შეუძლია.
“კონსილიუმის წევრებს, რომელიც შეიქმნა რუსთავის დაწესებულებაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგისთვის, იუსტიციის სამინისტრო მართავდა ამ კონსილიუმს თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც მოხდა პაციენტის გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, კონსილიუმის, გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას.
ამ შემთხვევაში, უკვე თავად გლდანის დაწესებულებას აქვს იმის შესაძლებლობა და რეალურად, დღეს აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალობის სპეციალისტი, რომელიც დასჭირდება. კონსილიუმი იმ ფორმატით, რომლითაც მუშაობდა რუსთავის დაწესებულებისთვის, ჩვენი შეფასებით, ამის საჭიროება დღეს გლდანის სამედიცინო დაწესებულების ფორმატში არ დგას”, – აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, გლდანის საავადმყოფო “C ტიპის მრავალპროფილური კლინიკაა”, რაც რეგულირების სააგენტოს დასკვნაშია აღწერილი და შესაბამისად “იქ ყველა პირობაა, რომ შიმშილობის და შიმშილობიდან გამოსვლის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იმართოს”.