მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

არლამეტმა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი 81 დეპუტატის თანხმობით დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება მართვის მოწმობის აღების გამოცდებს. დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების გარდა, მართვის მოწმობის აღების მსურველს გამოცდის ჩაბარება რეალურ, ქალაქის პირობებშიც მოუწევს. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ეს ცვლილება უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ქართული მართვის მოწმობების ევროპულ მართვის მოწმობებში გადაცვლის საშუალებას.

“აღნიშნული ცვლილებების [მართვის მოწმობის აღება რეალურ პირობებში] შემდეგ, ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ჩნდება საშუალება, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქართული მართვის მოწმობის ევროპული ქვეყნების მართვის მოწმობებში გადაცვლა… დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებასთან ერთად, რასაც მართვის მოწმობის მსურველები დღეს გადიან, დამატებით მას მოუწევს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მარშრუტზე რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება” – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

როგორც დარახველიძე ამბობს, ახალი კანონპროექტის ფარგლებში, მოხდება გამოცდის პროცესის ვიდეო და აუდიო ჩაწერა.

“რათა არ გაჩნდეს რაიმე კითხვები გამოცდის პირობებში ჩვენ შემოგვაქვს რეგულაცია, რომლითაც მოხდება გამოცდის სრული ჩაწერა, აუდიო-ვიდეო გადაღება. თუკი გამოცდის შედეგები კონკრეტული მხარის მხრიდან გასაჩივრდება, მას საშუალება ექნება, რომ გაეცნოს გამოცდის ჩაბარების პროცესს” – თქვა დარახველიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share