დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მოშიმშილე დეპუტატებსა და აქტივისტებს მხარდაჭერას უცხადებს. მან სპეციალური ვიდე-მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ეს არის არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა, არამედ ბრძოლა საქართველოსთვის.
დეკანოზი იმედს გამოთქვამს, რომ შიმშილობის დღეები მალე დასრულდება.
“მიმდინარე თვენახევრიანი შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყნის აღმშენებლისა და 90-იანი წლების კრიმინალური სიბნელისა და ჯოჯოხეთისგან საქართველოს გამომყვანის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ეს არის ნამდვილად ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის გმირობა, რომელიც მიმართულია პუტინის მიერ საქართველოს სრული ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია საქართველოს გადარჩენისათვის რათა ქვეყანა გამოვიდეს ამ ოლიგარქიული, პრორუსული მმართველობიდან, რომელშიც უკვე ეჭვი აღარავის აღარ ეპარება მსოფლიოში, ეს ძალიან ცხადია.
მე ვუსურვებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს დროულად აღსრულებას საკუთარი მიზნების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას და მრავალჟამიერ დღეგრძელობას. მივესალმები საქართველოს პარლამენტის ყველა დეპუტატს, ვინც შიმშილობს მიხეილ სააკაშვილისა და ზოგადად საქართველოსათვის, ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოსათვის და იმედს ვიტოვებ, რომ შიმშილობის დღეები მალე დასრულდება, და ყველა კანონიერი და ეროვნული მიზანი და მოთხოვნა აღსრულდება და დაკმაყოფილდება, ეს მიმდინარე შიმშილობები კი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება ძალიან დიდი ასოებით, როგორც ეროვნული მნიშვნელობის ისტორიული დღეები რომელმაც გამოიტანა უდიდესი კეთილი ნაყოფი საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის გადარჩენისა და აღმშენებლობისათვის”, – თქვა მეუფე ილია ჭიღლაძემ.
მან მიხეილ სააკაშვილი, მოშიმშილე დეპუტატები და აქტივისტები დალოცა და მესამე პრეზიდენტს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება უსურვა.