ბახვი 1 ჰესის პროექტის განმავითარებელი კომპანია, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი CCEH, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და ენერგეტიკული მომავლის უზრუნვეყოფის პროგრამა, ერთობლივად იწყებენ გურიის რეგიონის განვითარებაზე ზრუნვას.
ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით CCEH და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებენ რეგიონში. კერძოდ, 1) იმუშავებენ 36 კმ-იანი სიგრძის საფეხმავლო მარშრუტის შექმნაზე, რომელიც გურიის მთიან ტერიტორიებს, კერძოდ გომისმთასა და ბახმაროს აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძისთან დააკავშირებს. 36 კილომეტრიანი ბილიკი, სადაც განთავსებული იქნება ღამის გასათევი კოტეჯებიც, მოიზიდავს საფეხმავლო მარშრუტებთ დაინტერესებულ როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ტურისტებს. კონკრეტულად ეს პროექტი ახანგრძლივებს ბახმაროს სეზონს და შემოდგომა – გაზაფხულის პერიოდსაც საინტერესოს ხდის გურიის რეგიონს პოტენციური ტურისტებისთვის. 2) მეორე პროექტი, სტუმარ – მასპინძლობის და ჩაის წარმოების ბიზნესების განვითარებაზეა მიმართული. კერძოდ, შეიქმნება „გურიის ჩაის გზა“, ეს მარშრუტი დააკავშირებს ერთმანეთთან რამდენიმე მამულს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მდებარეობა, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა. ამ პროექტის ფარგლებში, მოხდება სასტუმროების მფლობელებისა და ჩაის მეწარმეების გაძლიერება, გურიაში წარმოებული ჩაის, როგორც ბრენდის განვითარება და მისთვის გასაღების ბაზრების მოძიება.
CCEH-ისა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტებიც, რეგიონის მდგრად განვითარებაზე იქნება მიმართული. კერძოდ, ამჟამად CCEH -ის და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მენეჯმენტი ერთობლივად ამუშავებს ინოვაციური სახის ენერგეტიკულ პროექტებს, რომელიც უნდა განხორციელდეს რეგიონში, ასევე, აქტიურად დაიწყება მთისპირის სკოლის მოსწავლეებისათვის ცნობიერების ასამაღლებელი შემეცნებითი ტრენინგები და სასწავლო კურსები. .
CCEH-სა და USAID-ის პროგრამებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს ბახმაროში, სასტუმრო „ბახმაროს პიონერებში“ მოეწერა ხელი. ჩვენს მიერ მომზადებულ ვიდეოში, გექნებათ საშუალება დეტალურად გაეცნოთ პროექტში ჩართული მხარეების ხედვებსა და მიზნებს. ასევე, ნახოთ ადგილობრივი მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლების კომენტარები.