მოქალაქეები ქვეყანაში შექმნილი კრიზისისა და მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ კიდევ ერთ პეტიციას ავრცელებენ და საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელსა და სრულიად დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.
ისინი საერთაშორისო მეგობრებს სთხოვენ პირადად შეამოწმონ მოშიმშილეთა პირობები.
გთავაზობთ მიმართვას სრულად:
“საქართველო ამჟამად არის უმძიმეს კრიზისში. ეკონომიკურ დაღმასვლასთან ერთად, გვაქვს სრული პოლიტიკური ჩიხი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, არის დაპატიმრებული და შიმშილობს, პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია ყოფილი პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, პარლამენტის ათი წევრი მოშიმშილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს, მომღერალი პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს, ათობით აქტივისტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიმშილობს, საზოგადოება პოლარიზებულია და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ვითარება მოულოდნელი და ქვეყნისთვის დამაზიანებელი სცენარით განვითარდეს.
მიუხედავად ექიმების, სახელოვნებო წრეების, მეცნიერებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიმართვისა, მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში არ გადაჰყავთ, მისი პირადი ექიმის, სახალხო დამცველის და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მტკიცებით კი, ციხის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადარჩენის შანსი მცირეა, რადგან ციხის კლინიკას არ აქვს მულტიპროფილური ფუნქციები, რაც აუცილებელია შიმშილის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდის გასავლელად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და პირადად შეამოწმოთ მოშიმშილეთა პირობები, რათა თავი დავიზღვიოთ იმ დამანგრეველი სცენარისგან, რომელიც ემუქრება ქვეყანას რომელიმე მათგანის სიცოცხლისთვის ზიანის შექმნის შემთხვევაში.
ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური პრეფერენციები გვაქვს, მაგრამ ამ საკითხში ერთიანნი ვართ: სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველო ვეღარ გაუძლებს, ყველაფერი კი სწორედ აქეთკენ მიდის. გთხოვთ შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ სცენარის არიდებაში” – ნათქვამია მიმართვაში
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 48 დღეა შიმშილობს. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-15 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია, მას მოგვიანებით კიდევ 10 პოლიტიკოსი შეუერთდა.
შიმშილობა დაიწყეს ბათუმსა და ზუგდიდშიც. გარდა ამისა, საქართველოში დაბრუნდა და პროტესტის ამ ფორმას მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ.