“უზომოდ დაღონებული ვარ და ძალიან არ მომწონს ეს ამბები. მაინტერესებს, ახლა ამას როგორ შეაფასებდა, რას იტყოდა.
კი, მიშამ ბევრი დაგვიშავა, მაგრამ მაინც ქვეყნის სახეა და მებრალება. ნეტავ, კობა რას იტყოდა ამ ყველაფერზე-მეთქი, ვფიქრობ. ძალიან მტკივა, რადგან თითქოს ის მივიწყებული ამბები თავიდან გავიარე. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ქვეყანა კი ნორმალურ კალაპოტში ჩადგება…
ბოლოს ყველას აპატია, მიშას გარდა. ამბობდა, რომ მას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა ქვეყნის წინაშე და არ ეპატიებოდა. ამბობდა, მე არაფერი მინდა, მაგრამ ნეტავ, თავის ზურგზე გამოსცადოს თავის ციხეში ყოფნა, თავისი სასამართლო და მიღებული კანონებიო. ახლა რომ ვუყურებ მიმდინარე ამბებს, სულ კობას სიტყვები მაქვს ყურში…
სააკაშვილი კობას გამო პირდაპირ ვერ დაადანაშაულეს, მაგრამ ამ საქმეზე ზურაბ ადეიშვილს დაუმძიმეს ბრალი და კობა ამის გამო ძალიან ნერვიულობდა. კობა არ ელოდა, რომ ზურაბ ადეიშვილი იქნებოდა მისი ცემის საქმეში ბრძანების გამცემი, რადგან ძალიან დიდ პატივს სცემდა. მიშასგან ყველაფერი ელოდა, მაგრამ ზურასგან – არა. მახსოვს, რომ გაიგო, როგორ შეხტა, რადგან არ ელოდა ამ ამბავს… ჩაიქნია ხელი…
ახლა გამოაცხადეს, სააკაშვილს ხელების ტრემორი აქვს და შეიძლება, ცუდი რამ დაემართოსო. კლინიკაში გადავიყვანოთო. ხელების ტრემორი კი არა, საერთოდ ვერ ვეხებოდი კობას, შეხებაზე ისეთი მწვავე რეაქცია ჰქონდა…
თვითონ ბევრად უკეთეს პირობებშია. რომ მოათრევდნენ, კობას სახლიდან საავადმყოფოში გადაყვანა გამახსენდა, როცა ათმა კაცმა ძლივს გამოიყვანა. ძალიან ცუდი საყურებელია სააკაშვილის ამბები და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბოროტება აქვს ჩადენილი, მაინც არ მინდა, ცუდი ვუსურვო. მაინც მინდა, კარგად იყოს და კანონის წინაშე აგოს პასუხი იმ დონეზე, რაც ნამდვილად ეკუთვნის…”
ამის შესახებ კობა დავითაშვილის მეუღლემ სარკესთან ისაუბრა.