“სერიოზულ რისკებს ვხედავთ…ამიტომ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე” – კობახიძე

“ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს ეს არის რაღაც ახირებული პოზიცია” – ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

კობახიძემ კვლავ იმ “რისკებზე” ისაუბრა, რომელიც მისი მტკიცებით, მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით “არსებობს”.

“რაც შეეხება საკითხს რაც არის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, კიდევ ერთხელ გვინდა აღნიშნოთ რა, რომ ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს ეს არის რაღაც ახირებული პოზიცია. კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, ვხედავთ სერიოზულ რისკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით.

გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს. მაგრამ, რისკის ქვეშ დაყენება ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის, არის სერიოზული დილემა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთია, რომ არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული. საუბარია რისკებზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, კობახიძემ მამუკა მდინარაძესთან და შალვა პაპუაშვილთან ერთად ცოტა ხნის წინ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა, რომელიც უკვე მე-15 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. კობახიძე აღნიშნა, რომ ელენე ხოშტარიასთან მეგობრული საუბარი შედგა და კიდევ ერთხელ სთხოვეს, შიმშილობა შეეწყვიტა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share