პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს მმართველი პარტია ცოტათი გააკრიტიკოს და დამოუკიდებლობა ითამაშოს.
მისი თქმით, ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით აბსოლუტურად სოლიდარულია ხელისუფლებასთან.
“პრეზიდენტი ცდილობს ცოტათი გააკრიტიკოს მმართველი პარტია და ვითომ დამოუკიდებლობა ითამაშოს. სისტემურ, პრინციპულ საკითხზე, ის ისევ და ისევ თამაშობს იმ მოედანზე, რაც ხელისუფლების ამოცანაა. ახალი პრეზიდენტს არაფერი უთქვამს, თქვა ის, რაც უნდა ეთქვა მისი როლის შემსრულებელ ადამიანს.
ეს არის მისი პირადი თამაში, ახლა როგორც ჩანს ჭკვიანი მრჩეველი ჰყავს, რომელიც ეუბნება ითამაშე იმ მოედანზე რასაც ხელისუფლება გიკვეთავს, მაგრამ იყავი კრიტიკული იმისათვის, რომ დემონსტრირება მოახდინო ინსტიტუციური დამოუკიდებლობის. მან გააკრიტიკა თითქოს ხელისუფლება – ეს კარგია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აბსოლუტურად სოლიდარულია ხელისუფლებასთან. შესაბამისად ის კრიზისის მიღმაა. სალომე ზურაბიშვილმა მისი განცხადებით დაადასტურა, რომ არ შეიძლება სააკაშვილის გადაყვანა”, – განაცხადა ხუხაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი არ არის რიგითი პატიმარი და შესაბამისად, მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ბევრად რთულია. ამასთან, ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.