ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგს ეხმაურება და მის მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ წერს:
”ისევ ცივი გონებითა და ემოციების გარეშე, იურიდიული ჭრილიდან რომ გავაანალიზოთ:
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ოფიციალური განცხადების თანახმად:
1. სახელმწიფომ უხეშად დაარღვია პატიმარი პრეზიდენტის უფლებები და გაასაჯაროვა მისი პირადი სივრცის ამსახველი კადრები;
2. სახელმწიფოს უმაღლესმა პირებმა, კერძოდ პრემიერმა, მინისტრებმა, პარლამენტის დეპუტატებმა გამოიჩინეს დანაშაულებრივი გულგრილობა პატიმარი პრეზიდენტის მიმართ და მიაყენეს მას შეურაცხყოფა დაცინვითა და ქილიკით.
ვინაიდან და რადგანაც, პატიმარი პრეზიდენტი ისევ იმყოფება იმავე მთავრობის პასუხისმგებლობის ქვეშ, რომელსაც მოქმედმა პრეზიდენტმა ზემოაღნიშნული ბრალდებები დაუდასტურა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერი, მინისტრები და პარლამენტი არაკომპეტენტურები არიან ასეთი შექმნილი კრიზისის ადეკვატურად სამართავად და მათ არ შეუძლიათ კომპეტენტურად წარმართონ პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფის საკითხიც.
ამასთან, მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე უპირობოდ და ერთმნიშვნელოვნად პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა.
შესაბამისად, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მის მიერვე არაკომპეტენტურობასა და დანაშაულებრივ გულგრილობაში ბრალდებული მთავრობა უნდა აგრძელებდეს პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვას, წარმოადგენს სრულ იურიდიულ და ლოგიკურ აბსურდს.
პატიმარი პრეზიდენტის ადვოკატებმა უნდა გამოიყენონ ეს მტკიცებულება და დაუყოვნებლივ, საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით ჩამოართვან საქართველოს არაკომპეტენტურ მთავრობას პატიმარი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მართვის უფლება და გადასცენ იგი უკრაინას, ან რომელიმე ნეიტრალურ საერთაშორისო ინსტიტუტს!
ეს აუცილებელია საქართველოსათვის, რადგან როგორც მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, დაპატიმრებული „პრეზიდენტის ჯანმრთელობა პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე“.- წერს ზურაბ გურული.