ბარამიძე პრეზიდენტის განცხადებაზე: მიშას მტერიც კი იძულებული გახდა ეს მკვლელების რეჟიმი რბილად მაინც გაეკრიტიკებინა

”ე.წ. პრეზიდენტიც კი იძულებული გახდა აღენიშნა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილისადმი მოპყრობა უნდა იყოს განსაკუთრებული და მისი იმ სკამზე დამსმელი, ამ მოღალატეთა რეჟიმის მხრიდან  (პუტინის პირადი პოლიტიკური) პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ველურობის გამოვლინების გამო, მოუწია მათი უმსგავსი ქმედებების გაკრიტიკება, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, მაინც თითიდან გამოწოვილი, სრულიად უაზრო საფუძვლით, თურმე პრეზიდენტის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა პრობლემურიაო.

ნათელია, რომ მიშას მტერიც კი (თუ ბოლომდე ველური არაა) იძულებული გახდა ეს მკვლელების რეჟიმი რბილად მაინც გაეკრიტიკებინა.

ეს ცხადია არის ქართველი ხალხის მშვიდობიანი და პრინციპული ბრძოლისა და (როგორც ჩანს) ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესაბამისი აქტიურობის შედეგი.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

ჩვენი არაძალადობრივი ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე.”-

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი არ არის რიგითი პატიმარი და შესაბამისად, მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ბევრად რთულია. ამასთან, ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share