დღეს დილით, ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის გონიო – კვარიათის მაჟორიტარი დეპუტატი გარდაიცვალა. ნუგზარ ფუტკარაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, 57 წლის ფუტკარაძეს დიაბეტური კრიზისი განუვითარდა და იგი მოულოდნელად დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განცხადება გააკეთეს ოპოზიციური პარტიის წევრების ზეწოლასთან დაკავშირებით.
“ყველასათვის შემზარავი იყო ამ დილით ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩვენი ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა გააკეთეს განცხადება რიგ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ, თუმცა დაკონკრეტებული არ ყოფილა ვინაობები, იმ ადამიანების, ვიზეც ხორციელდებოდა ხელისუფლების მხირდან ზეწოლა.
ბოლო დღეებში ბატონი ნუგზარი ყველა კომუნიკაციის დროს აღნიშნავდა, რომ ეს ზეწოლა კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იღებდა და თავს შევიკავებ ჯერ კონკრეტული შეფასებებისგან, თუმცა შესაძლოა სახეზე გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაული ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით”, – თქვა ენმ-ს წევრმა, კახა მიქელაძემ.
“მთავრი არხის” ინფორმაციით, სწორედ ნუგზარ ფუტკარაძე იყო ერთ-ერთი, ვისზეც ზეწოლა ხორციელდებოდა.