ბოლო დროს სარაგბო სამყაროში მუდმივი დავა მიდის იმაზე, რომ იტალიის ნაკრები თუ 6 ერის პირველობაზე თამაშობს, რატომ არ არის იქ საქართველო. ამაზე აპენინელებს საკუთარი არგუმენტი აქვთ და გაიძახიან, საქართველოს ჯერ ჩვენ დონემდე არ მოუღწევიაო.
საქმე ის არის, რომ იტალიელები არც ჩვენთან ჭიდილს ერიდებიან და უკვე ორი ტესტ-მატჩიც მოგვიგეს (31:22 და 28:17). თუმცა, ორივე მატჩი სტუმრად გავმართეთ. ახლა იტალიის ნაკრები საქართველოში სტუმრობას აპირებს.
ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე იტალიელთა კალენდარში საქართველოში სტუმრობაც არის გაწერილი. ეს 2022 წლის ზაფხულში მოხდება. „აძური“ გაზახულზე 6 ერის მატჩებით დაკავდება, შემოდგომაზე კი, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას და რომელიმე მეორე დონის გუნდს უმასპინძლებს.
საქართველოს რაგბის ფედერაციაშიც დაადასტურეს, რომ იტალიელებთან შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ბოლო სიტყვა „მსოფლიო რაგბიზეა“, რომელმაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს ამ მატჩის ჩატარება და თარიღი.
მოკლედ იტალიელებთან ჭიდილის შანსი კიდევ ერთხელ გვეძლევა. და ეს უნიკალური შანსია –თუ 6 ერში შესვლაზე პრეტენზია გვაქვს, მესამე ცდაზე მაინც უნდა მოვახერხოთ აპენინელთა დამარცხება.
cnews.ge