დიმიტრი შაშკინი: მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდება და კვლავ ჩაუდგება საქართველოს სათავეში

სააკაშვილი მალე გათავისუფლდება და კვლავ ჩაუდგება საქართველოს სათავეში, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ ონლაინგამოცემა Caliber.az-თან ინტევრიუში საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი ტყვედ ჰყავს საქართველოს მთავრობას, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ექსპრეზიდენტი მოკლან. სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მძიმე პრობლემები აქვს. როგორც ცნობილია, ის 40 დღეზე მეტია, შიმშილობს, მას არ უწევენ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. ამასთან, მასთან არ უშვებენ ექიმებს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მოსახლეობაზე, სახალხო პროტესტზე, რომელიც ყოველ დღე იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. ხალხი ითხოვს სულ მცირე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და მაქსიმუმი – მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

დიმიტრი შაშკინის თქმით, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის რეიტინგი 60% შეადგენს.

„ამასთან, ჩვენ გავიმარჯვეთ ბოლო არჩევნებში, თუმცა გამარჯვება ყველაზე თავხედური გზით წაგვართვა „ქართულმა ოცნებამ“, – აცხადებს აზერბაიჯანულ გამოცემასთან საუბარში დიმიტრი შაშკინი.

კითხვაზე, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური მომავალი, ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ აქვს.

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდება და კვლავ ჩაუდგება საქართველოს სათავეში. მისი დონის პოლიტიკური მოღვაწე საქართველოში არ არის და კიდევ რამდენიმე ათწლეული არ იქნება“, – განაცხადა შაშკინმა.

წყარო საქართველოს პირველი არხი

ipress.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share