ახალგაზრდა კოლეგებო, გახსოვდეთ, პაციენტის ინტერესები უზენაესია – ზურაბ გურული ექიმებს მიმართავს

პროფესიული ვალდებულება აქვს ნებისმიერ ექიმსა თუ ექთანს, დაუყოვნებლივ მიუთითოს კოლეგას ან კოლეგებს პაციენტის ინტერესების დასაცავად – წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული მესამე პრეზიდენტის გარშემო, დღეს საღამოს განვითარებული მოვლენების შეფასებისას:

”სამედიცინო ეთიკის არცოდნას კლინიკური მედიცინის არცოდნის საპირწონე ძალა აქვს. პატიმარი პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ მხრივაც კატასტროფული ჩავარდნა გვაქვს საქართველოში.

სამედიცინო ეთიკაც ზუსტად ისევე ვითარდება, როგორც კლინიკური მედიცინა და მისი სტანდარტები მუდმივად ახლდება.

ამჯერად მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შევეხები. კერძოდ, აქვს თუ არა ეთიკური უფლება პროფესიონალ მედიკოსს, მიუთითოს, გააფრთხილოს, შეაჩეროს კოლეგა დაუყოვნებლივ, თუკი მას დასაბუთებულად სჯერა, რომ პაციენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია.

დიახ! აქვს! და არამარტო ეთიკური უფლება, არამედ პროფესიული ვალდებულება აქვს ნებისმიერ ექიმსა თუ ექთანს, დაუყოვნებლივ მიუთითოს კოლეგას ან კოლეგებს პაციენტის ინტერესების დასაცავად.

ახალგაზრდა კოლეგებო, გახსოვდეთ, პაციენტის ინტერესები უზენაესია ჩვენს სპეციალობაში და ე.წ. აკადემიურობის მიღმა მიჩქმალულ პროფესიულ და პიროვნულ სილაჩრეს არანაირი კავშირი არა აქვს თანამედროვე სამედიცინო ეთიკასთან.

ამერიკის სამედიცინო სისტემამ რამდენიმე წელია შემოიღო ე.წ. Stop the line! პრინციპი, რომლის თანახმადაც ნებისმიერი რგოლის სამედიცინო პერსონალს აქვს უფლება და მოვალეობა, რომ დაუყოვნებლივ გააჩეროს ე.წ. სამედიცინო “კონვეირი”, თუკი პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკს შენიშნავს. შესაძლოა განგაში ყალბიც იყოს, მაგრამ ლიდერი ექიმი ვალდებულია ანგარიში გაუწიოს სამედიცინო გუნდის აბსოლუტურად ყველა წარმომადგენლის შენიშვნას.

ასე რომ, ნუ დაგთრგუნავთ ვინმეს ტიტული ან თანამდებობა; ნუ გააგრძელებთ არქაული საბჭოთა სამედიცინო ფსევდო-აკადემიურობის ტრადიციებს; თამამად დაიცავით პაციენტის უფლებები. ეს თქვენი მოვალეობაა.” – წერს ზურაბ გურული.

მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ, შიმშილობის 49-ე დღეს გონება დაკარგა. ის ამჟამად რეანიმაციაშია და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share