ვინ იღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? ამის შესახებ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
”1. ტიკარაძე არ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას სააკაშვილის სიცოცხლეზე. ექიმებს შეხვდა. ექიმების პირით შევიტყვეთ, რომ თანახმაა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.
2. პარტიული ხელმძღვანელობა, რომელიც აქამდე ზღაპრებს თხზავდა შიმშილობაზე, დღეს პასუხისმგებლობას იუსტიციის სამინისტროს აკისრებს.
3. გლდანის დაწესებულების სამედიცინო ხელმძღვანელობა (იუსტიციას ექვემდებარება ) ცდილობს, მას არ შეეტენოს ეს ამბავი. ამიტომ დღეს, როცა სააკაშვილმა გონება დაკარგა, კონსულტანტი გამოუშვა ბრიფინგზე.
4. კონსულტანტმა თქვა, მე აქ შემთხვევით მოვხვდიო. არანაირი წამოცდენა ეგ არ იყო. სამჯერ თქვა სხვადასხვა სახით. ეს იმიტომ თქვა, რომ პასუხისმგებელი არაა, თუ სააკაშვილს რამე დაემართება. და მართლაც არაა. უბრალოდ, აჰკიდეს საზოგადოების ინფორმირების ფუნქცია. ზუსტად იმ მიზეზებით, რაც ზემოთ დავწერე. თან პენიტენციურის პრესსამსახური გამოაყოლეს. ისიც კი ძლივს და ჟურნალისტების დიდი მცდელობით გავიგეთ, რეანიმაციაში რომ მოხვედრილა პატიმარი. არ აპირებდა ექიმი იმ კონკრეტულ მომენტში ამის თქმას.
5. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არ ჩანს და იტყვის, მე პოლიტიკიდან წასული ვარო. თან ფიქრობს, რომ სააკაშვილის სიკვდილსაც გადაყლაპავს ეს ქვეყანა.
გასაგები და ნათელია ყველაფერი.
გადაიყვანეთ კლინიკაში და ნუ დააქცევთ ამ ქვეყანას ბოლომდე.” – წერს სანაია.