ლადო აფხაზავა, ყვავილებს ყიდის, რათა მოსწავლეებს ინტერნეტი ჩაურთოს

დღევანდელი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში სასწავლო წლის პირველი სემესტრი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე წვდომა დამატებიტი ფინანსური ხარჯია და ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს. ამიტომ, მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ვერ ერთვება დისტანციურ სწავლებაში. გაკვეთილებზე დასწრება ვერ შეძლეს სოფელ ჩიბაქის მოსწავლეებმაც. საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ქოთნის ყვავილების გაყიდვა დაიწყო, რათა მათთვის ინტერნეტის თანხა მოეგროვებინა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, ლადო აფხაზავამ აღნიშნა, რომ მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უკვე დაეხმარა ინტერნეტის შეძენაში:

“ეს კამპანია დავიწყეთ, პანდემიის პირველი ტალღის დროს. მაშინ შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ასოციაცია ”ქართველები საფრანგეთში” დაგვეხმარნენ და მათი დახმარებით მოსწავლეებს ინტერნეტის თანხა ჩაურიცხეთ. თუმცა, მეორე ტალღა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. რამდენიმე კვირაა, რაც ონლაინ სწავლებაზე გადავედით. მოსწავლეების დასწრება არ იყო გაკვეთილებზე. მე და ჩემი კოლეგები ტყუილად ვშრომობდით. როცა გავიგეთ, რომ მათ ინტერნეტის პრობლემა ჰქონდათ, კამპანიის მეორე ტალღა დავიწყეთ.

პირველი ტალღის დროს, ქოთანში იები ჩავრგე და გამრავლდა. ბექა ბოკუჩავა დამეხმარა, რომელიც სოციალურ ქსელში ჩემი მეგობარია. ის სხვადასხვა ინფორმაციებს დებდა ხოლმე. რამდენიმე ფოთოლი გამომიგზავნა და იმ ფოთლებისგან გავამრავლე. ამ კამპანიაში თავად ბექაც ჩაერთო. თითო ქოთანი 19 ლარად გაიყიდა და ამ თანხით მოსწავლეებს ულიმიტო ინტერნეტი შევუძინეთ. ახლაც შეუძლია ხალხს შეძენა ვაკის ფილიალში ”პანგეა” იმისათვის, რომ სხვა მოსწავლეებსაც დავეხმაროთ”.

“ფორტუნა”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share