პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-17 დღეა შიმშილობს, მედიკამენტოზურ მკურნალობას აჩერებს.
როგორც ხოშტარია Facebook-ზე წერს, სანამ მისი მოთხოვნა არ შესრულდება, შიმშილობისგან გამოწვეული კრიტიკული მაჩვენებლების მკურნალობას არ გააგრძელებს.
“გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.
დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია.
ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.
მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრაფოდ!”, – წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 ნოემბერს დამძიმდა. როგორ ადვოკატებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილი “მოწყვეტით დაეცა” და გონება დაკარგა. ბოლო ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.