ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი მმართველი პარტიის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ომბუდსმენთან დაკავშირებით “ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას” უწოდებს. ამის შესახებ ის საკუთარ ტვიტერზე წერს.
“მმართველი პარტიის ლიდერებმა მიანიშნეს ომბუდსმენის უფლებების დევნაზე, იმიტომ, რომ ის საკუთარ მოვალეობებს ასრულებს. ამას თავისი სახელი უნდა დაერქვას: ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რომელიც დემოკრატიის ღირსი არ არის”, — წერს ის.
ასე გამოეხმაურა ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორს საქართველოში, ლორა თორნტონის, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს.
სახალხო დამცველის შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნის შემდეგ, სადაც ეწერა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, ქართული ოცნების წევრებმა, ომბუდსმენისა და ამ ჯგუფის კრიტიკა დაიწყეს. მეტიც, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ მუქარისშემცველი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ თუ ეს “ფეიკ” დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გახდება და ამას მოჰყვება ის სცენარი, “რომლისაც ეშინიათ”, შესაძლოა, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. პასუხად ომბუდსმენმა განაცხადა, რომ კობახიძის რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს და არის დაშინების მცდელობა.
ომბუდსმენი გააკრიტიკეს ქართული ოცნების სხვა წევრებმაც, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რო ლომჯარია პოლიტიკურ პროცესში “ცოტა სხვა მხარეს” არის გადახრილი. სოზარ სუბარის განცხადებით, კი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი იმაზე მეტჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნების წევრები სახალხო დამცველს თავს ესხმიან და პარტიულობასა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ მათდამი კრიტიკული განცხადებების გამო. ამ მხრივ ყველაზე მეტად კობახიძე გამოირჩეოდა, რომელმაც 25 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის “ერთ-ერთ რიგით აქტივისტად აქციეს”. ამასთანავე, კობახიძე პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრებსაც.