“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა დაუღალავი ბრძოლისთვის.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანა არის ადამიანური სიხარული. თუმცა, როგორც მან განმარტა, ბრძოლა არ დასრულდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი არ იქნება.
“ადამიანურად ბედნიერები ვართ, რა თქმა უნდა, ვიცით რა, რომ არ ემუქრება სიკვდილი მიხეილ სააკაშვილს. ელენე ხოშტარიას, ჩვენს მეგობრებს, დეპუტატებს, და ბევრ კიდევ სხვა ადამიანს რომელიც შიმშილობდა და მათი რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანური სიხარულია.
რაც შეეხება, დიახაც, პოლიტიკურ, მოქალაქეობრივ, ფართო გაგებით სიხარულს, ჯერჯერობით ჩვენ ვერ განვიცდით მანამ სანამ ვიცით რომ ქვეყანას ჰყავს უზურპატორი ხელისუფლება, რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო. მიიტაცა არჩევნები და ცდილობს ამ რეალობას შეაგუოს მავანი. მაგრამ ამ რეალობას არ ეგუება აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებისა და ბრძოლა, რა თქმა უნდა, ისეთივე არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება.
უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას და არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ მზაკვრულ, მაგიდაზე დადებულ გეგმას, რომელსაც ხორცი ვერ შეესხა და ეს გეგმა გულისხმობდა სისხლისღვრას, სამოქალაქო დაპირისპირებას, და ის რომ არ მოხდა მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურებაა და არავითარ შემთხვევაში რეჟიმის. იმიტომ, რომ რეჟიმი პირიქით ცდილობდა სისხლისღვრის გამოწვევას.
რატომ მანამდე არ ზრუნავდნენ, მანამდე არ გამოიჩინეს ჰუმანურობა? დღეს გექნებოდათ საშუალება, მოგესმინათ “ქართული ოცნების” წევრების განცხადებები. მათი პარტიის თავმჯდომარე გამოსულა და უთქვამს, ჩვენი მთავარი პრინციპი არისო ჰუმანურობაო, ადამიანის უფლებათა დაცვაო და ადამიანის ჯანმრთელობაო არა! მათ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა კი არ ჰქონდათ დაგეგმილი, მისი გატეხა უნდოდათ.
იმიტომ, რომ იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა მათ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებდათ და დროში წელავდნენ, გზადაგზა მისი ღირსების შემლახავ ვიდეოკადრებს ავრცელებდნენ, აბუჩად იგდებდნენ მას, როგორც დატყვევებულს, რომ ჩვენ გამოვსულიყავით მდგომარეობიდან და მათ საფუძველი მისცემოდათ, რომ სპეცრაზმელები და “რობოკოპები” გამოეყენებინათ და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეთქვათ – აი, ეს ადამიანები სახელმწიფოს გადატრიალებისთვის ემზადებოდნენ.
სახელმწიფოს გადამტრიალებელი ვინმე თუ არის, არის “ქართული ოცნება” ამიტომ მართლაც ქედს ვიხრი, მოვა დრო და ვილაპარაკებ კონკრეტული ფაქტებით რას გადავურჩით ჩვენ. ძალიან თხელ ყინულზე ვიარეთ თითოეულმა ჩვენგანმა.
მთავარი თავგადასავალი გველოდება წინ – სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ბრძოლას არ შევაჩერებთ, სანამ მიტაცებული სახელმწიფო “ქართულ ოცნებას” ექნება, ბრძოლას არ შევაჩერებთ. ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები არიან ჩვენ გვერდით”,- ამბობს ნიკა მელია.
ასევე ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანაში ხელისუფლებას არანაირი პროვოკაციის საშუალება არ მისცეს და ღიად განაცხადა, რომ ოპოზიციის არცერთი წევრი და მხარდამჭერი არ მოაწყობს აქციას გორის სამხედრო ჰოსპიტალთან.