გურიის გუბერნატორმა მისთვის არასასურველი კადრების მოშორება დაიწყო და სრული კომფორტისთვის სამსახურებს საკუთარი საახლობლო-სამეგობროთი აკომპლექტებს.
„გურიის მოამბისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები ისეთ თანამშრომლებს შეეხო, ვისი კონტროლიც მან როგორც ჩანს შეუძლებლად ჩათვალა.
ჩვენი წყაროს ცნობით, გუბერნიაში თანამშრომელთა წმენდა გაგრძელდება და უახლოეს დღეებში უმუშვართა რიცხვს კიდევ რამდენიმე ადამიანი შუერთდება.
სამაგიეროდ, სხვადასხვა კაბინეტის კარები გაიღება იმ ადამიანებისთვის, ვინც გიორგი ურუშაძის უახლოეს სამეგობროსა და სანაცნობოს წარმოადგენს.
„ანა კიშინსკს თხოვეს ახლა განცხადების დაწერა და დაწერა მგონი. ვიცი, რომ კიდევ იმ კვირაში სამი ადამიანს დაააწერინებენ. დააწინაურა თავისი მეგობარი ლიკა ღლონტი, მიიღო ბექა ჩხიკვიშვილი და კიდევ ერთი მეგობარი. ამ დღეებში გუბერნიაში დანიშნავს ასევე მის მეგობარს, ვაკო ჭანუყვაძეს… ეს ყველაფერი სიმართლეა და როგორც ვიცი, ძალიან არაპროფესიონალი და რომ იტყვიან თანამდებობისთვის შეუფერებელი პიროვნებაა“-ვკითხულობთ წერილში, რომელიც „გურიის მოამბის“ რედაქციამ შტყობინების სახით მიიღო.
მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „გურიის მოამბე“ წერილში ხსენებულ ანა კიშინსკისა და ლანა ლომაძეს დაუკავშირდა.
ლომაძე გვიხსნის, რომ მან გუბერნია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დატოვა, პირადი განცხადების საფუძველზე: „ძალიან სერიოზულ პროექტზე ვმუშაობ, რაც საკმაო დროს და ენერგიას მოითხოვს, აქედან გამომდინარე, მე ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დავწერე განცხადება და ჩემი სურვილით წამოვედი“
რაც შეეხება ანა კიშინსკის, ჩვენთან სატელეფონო საუბარში ისიც აღნიშნავს, რომ განცხადება თავისი სურვილით დატოვა, თუმცა არ იცის რატომ გამოუშვეს სამსახურიდან მისი მოადგილე ნანა ჯახუტაშვილი:
ანა კიშინსკი_მე ჩემი სურვილით დავწერე განცხადება და წამოვედი.
‘გურიის მოამბე“-სხვა სამსახურში აპირებთ გადასვლას?
-ა.კ-არ ვიცი, ვფიქრობ.
გ.მ-თქვენი მოადგილეც გამოუშვეს სამსახურიდან ჩვენს როგორც გვითხრეს
ა.კ.-დიახ, ნანაც წამოვიდა.
გ.მ-მიზეზი რა უთხრეს, რატომ დააწერინეს განცხადება?
ა.ნ. -ეს არ ვიცი.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ანა ჩვენთან კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, ჩვენთვის ცნობილია, რომ მისი, როგორც გუბერნიის აპარატის უფროსის სახლში გაშვებაზე კულუარებში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, როცა წინასაარჩევნოდ სწორედ პოლიტიკური მოტივით, სამსახურიდან გაანთავისუფლეს მისი მეუღლე პაატა ლომთაძე, რომელიც გურიის სამაშველო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ამ დროისთვის, არ ვფლობთ ინფორმაციას კონკრეტულად იმ პირების შესახებ, ვისი სამსახურიდან გამოშვებაც უახლოეს დღეეში იგეგმება, თუმცა, როგორც გვატყობინებენ, ამ ჩამონათვალში სამხარეო ადმინისტრაციის ყველა ის თანამშრომელი შედის, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭრას ღიად და აქტიურად არ გამოხატავდა.
თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს მიღებულ შეტყობინებაში დასახელებული მიზეზი, რომ გუბერნიიდან თანამშრომლებს მხოლოდ იმიტომ ათავისუფლებენ, რომ ისინი ურუშაძის სამეგობროთი ჩაანაცვლონ, ამაზე კომენტარისთვის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, სოფო კაშიას დავუკავშირდით.
პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუ დღის განმავლობაში მხარის პირველი პირი ჩვენთან კომენტარის გაკეთებას ისურვებს, ჩვენ მას რა თქმა უნდა მიღებისთანავე გავავრცელებთ.