„2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 091 000 000 ლარი“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 000 000 ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც, საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასები 100 ლარით გაიზრდება.
„ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 360 000 000 ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, გათვალისწინებულია: საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატის ზრდა 100 ლარით, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა 100 ლარით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე მიიმართება – 160,8 მლნ ლარი, პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 119 მილიონი ლარი, მათ შორის პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 46 მილიონ ლარზე მეტი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 232 მილიონ ლარს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ამასთან, მინისტრის განცხადებით მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მომავალ წელს გამოყოფილია ერთ მილიარდ ლარზე მეტი.
როგორც მან აღნიშნა, დაფინანსების ფარგლებში მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით, ომში მონაწილე ვეტერანთა 22/44 ლარიანი დახმარება კი იზრდება 100 ლარამდე.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ივლისიდან გაორმაგებული, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების სრული წლის განმავლობაში დასაფინანსებლად დამატებით გამოყოფილია 75 მილიონი ლარი, ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 52 მილიონ ლარს.
მომავალ წელს მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილია 75 მილიონი ლარი, საპენსიო სქემაში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად მიიმართება 250 მილიონი ლარი, მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების მოცულობა შეადგენს 280 მილიონ ლარს.