“ჩარევაა საჭირო… ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ქაოტური მდგომარეობა უნდა დარეგულირდეს”

რეგულაციები ფარმაცევტულ ბაზარს – ეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი იდეაა, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გააჟღერა. მისი თქმით, იმის გამო, რომ იქ “ქაოტური მდგომარეობაა”, ჩარევა და დარეგულირება აუცილებელია.

”არსებობენ კომპანიები, საწარმო, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს… აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვევო კომპანია. წარმოიდგინეთ, მთელი წრეა შეკრული. აქ საერთოდ რომელ კონკურენციაზეა საუბარი. როგორ შეიძლება… ძალიან ბევრი მანკიერი პრაქტიკა არსებობს, რაც რეალურად საბოლოო ჯამში ეტყობა ჩვენს მოსახლეობას და მათ ჯიბეებს. ჩვენ ვზრდით პენსიებს და ხელფასებს და მედიკამენტების ფასები პროპორციულად იზრდება ყოველწლიურად და ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები ფული რჩებათ სახარჯად. ეს რა თქმა უნდა საჭიროებს ჩარევას. ეს უნდა დარეგულირდეს, მედიკამენტებზე ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება თუ ზოგადად ასეთი ქაოტური მდგომარეობა რაც ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობს, ეს უნდა დარეგულირდეს, პარლამენტში დეკემბერში შევიტანთ კანონპროექტს და ალბათ იანვარში მივიღებთ კანონს”. – ამბობს ღარიბაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share