“გადავწყვიტე, ყოველდღე გავაპროტესტო მათი უკანონო საქმიანობა” – ნოდარ რუხაძის პროტესტი სუს-თან

მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტმა, ნოდარ რუხაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან უკანონო მოსმენები და უწყების საქმიანობა გააპროტესტა.

რუხაძის თქმით, ის ადგილზე ყოველდღე მივა და სხვადასხვა ფორმით აქციას გამართავს.

“გადავწყვიტე, რომ ყოველდღე მივიდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვადასხვა ფორმით გავაპროტესტო მათი უკანონო, ამორალური და ღირსების შემლახველი საქმიანობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების კანონის თანახმად, სუსი “დამოუკიდებელი, დეპოლიტიზირებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე” სახელმწიფო ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მმართველ პარტიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ზღვარი წაშლილია და “ქართული ოცნების” ძალაუფლება მთლიანად სუს-ზე დგას. ტოტალური მოსმენებითა და თვალთვალით ისინი აკონტროლებენ ჩვენს თითოეულ ნაბიჯს: იციან რას ვუყურებთ, რას ვსაუბრობთ, რას ვჭამთ და ვსვამთ, იციან რას ვგეგმავთ, ვინ მოგვწონს და არ მოგვწონს, იციან ვის ვხაზავთ. 2021 წლის არჩევნები არა ცესკო-მ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაგვიტარა.

ყველაფერი, რაც აქამდე საბჭოთა წარსული ან თუნდაც, დისტოპიური ნოველის შემაძრწუნებელი შინაარსის ნაწილი გვეგონა, რეალურ ცხოვრებაში გაგვიცოცხლეს. სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც 6 წელიწადში 800 მილიონი გადავუხადეთ, მხოლოდ ერთი ადამიანის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება.

რატომ უნდა მოვითმინოთ ეს? თუ ერთბაშად ვერ ვანგრევთ, დისკომფორტი მაინც შევუქმნათ. ვარყიოთ, ვანჯღრიოთ, დავცინოთ, გამოვააშკარაოთ, შევაშინოთ. ამ საქმეში გიწვევთ ყველას, გაატარეთ 1 საათი სუს-თან და გააპროტესტეთ.

დღეს თქვენთან მარტო ვიყავი. შეიძლება ხვალაც მარტო ვიყო. ზეგ შესაძლოა მთლიანი “სირცხვილია” მოვიდეთ და დაგცინოთ. მაზეგ შესაძლოა “გირჩმა”, “დროამ” და “ლელომ” დამასწრონ მოსვლა. იქნებ ზეგ, ნაც-მოძრაობის მხარდამჭერებთან ერთად დაგაპიკეტოთ. არ არის გამორიცხული, შემდეგ დღეს ღამე მოვიპაროთ და სტენსილებით აგაჭრელოთ. შეიძლება ისევ დაგცინით და საერთოდ არაფერს ვგეგმავთ. უბრალოდ დაგველოდეთ”,-წერს ნოდარ რუხაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share