კოვიდგადატანილ მოქალაქეებს ე.წ. მწვანე სტატუსი არა ვირუსის დადასტურებიდან 6 თვის განმავლობაში, არამედ მუდმივად ექნებათ.
საკითხზე განმარტება საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააკეთა:
“მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც არის სრულიად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს ორი დოზა აცრის; აქვს გადატანილი კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან უნდა იყოს გასული 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად; თუ ადამიანს აქვს pcr ტესტი გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის და თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი”, – თქვა გიორგი ღიბრაძემ.
ცნობისთვის, პირველი დეკემბრიდან მწვანე სტატუსის წარდგენა საჭირო იქნება: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.