სააკაშვილი წუხს იმის გამო, რომ ,,ოცნების” ნარატივი იქნა შემოგდებული – ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილი წუხს იმის გამო, რომ საზოგადოებაში შემოგდებულ იქნა ,,ოცნების ” ნარატივი – ამის შესახებ გორის ჰოსპიტალიდან გამოსულმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, განაცხადა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა სააკაშვილის ახალი გზავნილი გაახმოვანა.

ახალ გზავნილში მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლებამ ახალი პროვოკაციული მოსაზრება გაავრცელა, თითქოს მისი შიმშილობა არის ყურადღების გადატანის მცდელობა ოპოზიციის მთავარი მოთხოვნიდან, რაც ვადამდელ არჩევნებსა და ივანიშვილის ქვეყნის მმართველობიდან ჩამოშორებას გულისხმობს.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ახალი გზავნილი საკმაოდ ვრცელია და ის მალე გამოქვეყნდება მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

”სააკაშვილი წუხს, რომ ,,ოცნების” ნარატივი იქნა შემოგდებული და რაღაც თვალსაზრისით გაზიარებული, არა პოლიტიკური პარტიების მიერ, რადგან ის პოლიტიკურ პარტიებს მადლობას უხდის, რომ სააკაშვილის შიმშილობამ აქცენტი გადაიტანა ვადამდელი არჩევნებიდან, პირიქით, მან იმის გამო იშიმშილა და ახლაც არანაკლებ დღეშია, რომ მიღწეული იქნეს მთავარი-ვადამდელი არჩევნები, რომ ივანიშვილის რეჟიმი შეიცვალოს კოალიციური მთავრობით. იგი ვერ და არ ხედავს საკუთარ თავს მომავალ მთავრობაში. ის იმისთვის იბრძვის, რომ ივანიშვილი არ იყოს ქვეყნის სათავეში. ეს მისთვის საკმარისი ამოცანაა, რადგან თვლის, რომ ეს არის უპირობო გადარჩენა საქართველოსი. 

იგი თვლის, რომ ბოლომდე უნდა გაეხსნეს ხელი პოლიტიკურ პარტიებს და სპეკულაციების ადგილიც არ იყოს, რომ სააკაშვილი ხელს უშლის ვადამდელ არჩევნებს და სხვა გეგმებს ოპოზიციის. ის ოპოზიცას მოუწოდებს, რომ მასთან დაკავშირებით იყოს ალტერნატიული ჯგუფი, რომელიც ამ თემებზე იმუშავებს.

საკმაოდ ვრცელი მიმართვაა და ის მალე გადაეცემა ადმინს, რომ გამოქვეყნდეს სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნიკა გვარამიას განმარტებით, მესამე პრეზიდენტი, მკურნალობის მიუხედავად, თავს სუსტად გრძნობს, რაც მეტყველების მანერებსა და სიარულზეც ეტყობა.

”სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა კვლავ სახალხო დამცველს, მოიკითხა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა და  მოითხოვს ,,ემპათიას” შესვლას ჰოსპიტალში.

როგორც კი პირველადი სისუსტეები ალაგდა, ცხადი გახდა მისი ნერვული სისუსტეების შესახებ, ეს ეტყობა მას სიარულზე, საუბრის მანერაზე.. 

მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნერვოლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, თერაპევტები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომისიის შესვლა მასთან. 

მე უკრაინელი ადვოკატის კომენტარი მოვისმინე, ეს 2 სხვა ადამიანიაო და ვეთანხმები, ჩვენ, ვინც შევდივართ, ამას თვალი შევაჩვიეთ და კარგად ჩვენთვის არ ჩანს, ნამდვილად ასეა.

მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის იმის მიუხედავად, რომ ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება. ფიზიკური აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა, მენტალური რეაბილიტაცია, რომელიც გაცილებით უფრო რთულია, საჭიროებს ძალიან კვალიფიციურ და დროულ ჩარევას” – თქვა ნიკა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share