”ვინ არის ლომჯარიასთვის ავტორიტეტი, სააკაშვილთან ერთად მეგის ქარდავაც? ”-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ, განაცხადა. მისი განმარტებით, რაც უფრო შორია ,,ნაცმოძრაობის” რევოლუცია, უფრო კაპასი ხდება ნინო ლომჯარია.
”ის ფიცი, რაც დადო, არის შეუსაბამო იმ სულელურ განცხადებებთან, რომელიც უკავშირდება გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარეს. ვინ არის, ვეღარ გავიგეთ მისთვის ავტორიტეტი? სააკაშვილი რომ არის, გავიგეთ და მეგის ქარდავაც არის იქნებ.
ვიზე საუბრობ? იმ პარტიაზე საუბრობ, რომელსაც უმრავლესობა აქვს პარლამენტში და ამ პარტიის თავმჯდომარეზე საუბრობ ასე აგდებულად?
და რაღაც ღლიცინში იღებ მონაწილეობას და ალაიქებ რაღაცა უშნო, სარკასტულ ხუმრობებს. ის ფიცი, რაც დადო, აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ სარკაზმთან, ღლიცინთან, რაღაც სულელურ განცხადებებთან, რომელიც უკავშირდება გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარის ლეგიტიმაციას” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სახალხო დამცველმა გუშინ განაცხადა, რომ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარეს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიიჩნევს და ირაკლი კობახიძეს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, თუ ქვეყანასთან ლეგიტიმაცია არ აქვს.