ორი დღეა, სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართებს ღამით აბამენ. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ადგილობრივმა მცხოვრებმა მიაწოდა. მისი თქმით, სოფლის ერთ-ერთ მიწის ნაკვეთთან, სადაც ადრე ხნულები იყო გავლებული, ახლა მავთულხლართებს ამონტაჟებენ.
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ეს მიწის ნაკვეთი დათა ვანიშვილის სახლის სიახლოვესაა და იქ საოკუპაციო ძალებს ღამით პროჟექტორები მიაქვთ და ამ პირობებში მუშაობენ. ახალი ღობეები სოფელ ხურვალეთში დღეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმაც დააფიქსირეს. მათ ფოტო და ვიდეომასალაც გადაიღეს.
მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, ჩასმულია ძელები და გავლებულია მავთულები, თუმცა სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის და შეუძლებელია იმის თქმა, საბოლოოდ რამდენ ჰექტარ მიწას მიიტაცებენ.
სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მთელი ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ და უკვე დამონტაჟებულ ღობეებს ანახლებდნენ, ახლა კი ახალი ღობის მონტაჟი დაიწყეს.