“ომის დროსაც კი, ყველაზე საშიში მტერი ტყვედ რომ აჰყავდათ, ჯერ მკურნალობდნენ და ეშაფოტზე ან გაზის კამერაში მერე შეჰყავდათ”- ასე ეხმაურება ექიმი და პოეტი ნანა ცინცაძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს:
“თავდაპირველად გეტყვით, რომ სრულიად აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ახლა ისეთი შეკითხვა დამისვით, არ შეიძლება ექიმის პოზიციიდან არ გიპასუხოთ: ომის დროსაც კი, ყველაზე საშიში მტერი ტყვედ რომ აჰყავდათ, ჯერ მკურნალობდნენ და ეშაფოტზე ან გაზის კამერაში მერე შეჰყავდათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანს არ ვუმკურნალო, რადგან ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული. არ უმკურნალო და ასე მოექცე ადამიანს, რომელიც შენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ჩემთვის გაუგებარია. მით უმეტეს, ამას მთელი მსოფლიო უყურებს. არ არსებობს მთავრობა, დადებითი მხარეები რომ არ ჰქონდეს, უარყოფითთან ერთად. გავა დრო და ისტორია აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს – იტყვის, რა იყო უარყოფითი და რა – დადებითი…
გენიალური სიტყვები – “თუ ბრძენი კაცი გამოგვერია, ისე გავთელავთ, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს” – ყოველთვის აქტუალური იყო და დღემდე ამოსავალ წერტილად რჩება. მთელი უბედურება იცით, რა არის? – ზოგიერთისგან მესმის, როგორ ამბობენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე: დიახაც, ღირსია, კარგია, რომ დედამიწა მისგან გათავისუფლდებაო… ხალხო, დავუშვათ, ვისზეც ასე ლაპარაკობთ, რაღაცას აშავებდა, ახლა მის საქციელს თუ იმეორებ, რით ხარ მასზე უკეთესი? – არაფრით! თანაც, ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ყველა ამტკიცებს, რომ მორწმუნე ქრისტიანია. როგორ, უფალი ამას გვეუბნება? ” – ამბობს ნანა ცინცაძე.