“ნაციონალური მოძრაობიდან” ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, მირდატ ქამადაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ისაუბრა ბათუმის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე.
„შავ პარასკევს“ ყველაზე იაფად ბათუმის საკრებულო იყიდებოდა” – თქვა ქამადაძემ და აღნიშნა, რომ ბათუმის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის მიღებით ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა.
„ადამიანების 60%-ზე მეტს, რომელიც წავიდა არჩევნებზე და ხმა ცვლილებებს მისცა, ხელისუფლება ეუბნება, არჩევნებზე რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, საერთოდ არ მაინტერესებს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხს სხვანაირად უყურებსო. ბიძინა ივანიშვილს არჩევნები სულ არ აინტერესებს, ეს არის ფორმალობაო. როგორც ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსში ხდებოდა, როგორც იანუკოვიჩის დროს უკრაინაში ხდებოდა, რასაც პუტინის რუსეთი აკეთებს – დიახ, ამ სამი ადამიანის მმართველობის წესებს ვერ გასცდა „ქართული ოცნება“,-განაცხადა ქამადაძემ.
მისი შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოკლეს თვითმმართველობის ინსტიტუტი და გააუქმეს არჩევნები.
„მე ახლა გესაუბრებით საბჭოთა სოციალისტური ბათუმიდან. 100 წლის წინ თუ ბათუმი ერთ-ერთი უკანასკნელი ქალაქი იყო, სადაც საბჭოთა ოკუპაციის ჯარები შემოვიდნენ და ამ ქალაქის ოკუპაცია მოხდა, დღეს, 100 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბათუმი პირველი ქალაქია,საიდანაც ამ ქვეყნის გასაბჭოება იწყება. რაც გააკეთა დღეს 14-მა დეპუტატმა, ვინც ამ სამარცხვინო ქმედებას ხელი აუწია, ეს ნიშნავს, რომ მათ ამ ქვეყანაში დიქტატურა გამოაცხადეს. ამ ქვეყანაში მოკლეს თვითმმართველობის ინსტიტუტი და გააუქმეს არჩევნები. 2 ოქტომბერს ბათუმელებმა სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. მათ თქვეს, რომ 2022 წლიდან ამ ქალაქს სულ სხვა შემადგენლობის საკრებულო უნდა მართავდეს. თუ ბათუმის საკრებულოს ახალი შემადგენლობა არ დაამტკიცებდა წარმოდგენილ ბიუჯეტს, მაშინ ამ შემთხვევაში ქალაქში ინიშნებოდა საკრებულოს და მერის ახალი არჩევნები“, – განაცხადა ქამადაძემ.
მისი განმარტებით, ბათუმის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტი ამ ფორმით არ უნდა მიღებულიყო, რადგან ეს ბათუმელების შეურაცხყოფა იყო.
„ძველი საკრებულოდან უთავმოყვარეო „ქართული ოცნების“ წევრებს რა აკეთებინეს დღეს, მთელი პოლიტიკური ნეხვი აჰკიდეს და გაატანინეს, მთელი ცხოვრება ასე უნდა დატოვონ პოლიტიკაში ეს ადამიანები, თუ ვინმე დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ პოლიტიკაში დარჩება…დღეიდან ამ ქვეყანაში დიქტატურაში შევაბიჯეთ, დიქტატურა დამყარდა. თოფიანი კაცები ადამიანებს, რომ ვადაგასული საკრებულოს ბიუჯეტს მიაღებინებს, კი, დიქტატურა ეს არის და დიქტატურაში წინასწარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია“,- განაცხადა ქამადაძემ.