თავდასხმა „გურიის მოამბის“ გამომცემელზე – შსს-მ მოკვლევა დაიწყო

რეგიონალური დამოუკიდებელი გაზეთის “გურიის მოამბის” გამომცემელზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო.
ეს ინფორმაცია რედაქციას შსს-ში დღეს, 8 ოქტომბერს, დაუდასტურეს.
ამ წუთებში გამომცემელი ვლადიმერ მენაბდე, გურიის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფება და გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს.


როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მანამდე პოლიციამ, ე.წ. “კრიმინალური ავტორიტეტი” ილა კეჭაყმაძე და მისი ახლობელი ზაზა მდინარაძე გამოკითხა.
როგორც ვლადიმერ მენაბდე აცხადებს, მიმდინარე წლის 27 ივნისს, ოზურგეთის პოლიციის შენობის წინ, მას თავს ილა კეჭაყმაძე და ზაზა მდინარაძე, რამდენიმე მათ თანამზრახველთან ერთად დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ეცადნენ ვიდეოკამერის წართმევას, რომელშიც ასახული იყო ილა კეჭაყმაძის კავშირები ე.წ. “კანონიერ ქურდ” “რემენასთან”.
აღსანიშნავია, რომ შსს მ მოკვლევა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საკითხით სახალხო დამცველი დაინტერესდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა და გამომცემელზე ანგარიშსწორება ოზურგეთის პოლიციის შენობის წინ, რამდენიმე პოლიციელის თვალწინ მოხდა, შსს-ს რეაგირება მომხდარზე არ მოუხდენია.
ცნობისათვის: დამოუკიდებელ გაზეთ ‘გურიის მოამბის” წარმომადგენლებზე თავდასხმა პირველი შემთხვევა არ არის და ბოლო 5 წლის განმავლობაში მსგავს ფაქტებს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.
თავდამსხმელები ყოველთვის მოითხოვდნენ რომ რედაქციას შეეწყვიტა ხელისუფლებისადმი კრიტიკული მასალების ბეჭდვა.
მათ შორის აღსანიშნავია რედაქციის ყოფილ მთავარ რედაქტორზე, თეა იოსელიანზე განხორციელებული მუქარა, რის გამოც მთავარი რედაქტორი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და ამჟამად გერმანიას აფარებს თავს.
მას „გავრილოვის ღამის“ შემდეგ უცნობი პირები დაუკავშირდნენ სოციალურ ქსელ ფეისბუკში და დაემუქრნენ შვილების ლიკვიდაციით.
უთხრეს, რომ თუ არ შეწყვეტდა გაზეთში და ვებ გვერდზე კრიტიკული მასალის ბეჭდვას, დაუხოცავდნენ შვილებს,
მან მიმართა პოლიციას, გამოძიებამ მოახდინა ერთერთი თავდამსხმელის იდენტიფიცირება, ის თბილისის მერიის თანამშრომელი აღმოჩნდა, თუმცა გამოძიება ამის იქეთ არ წასულა, რის გამოც მთავარი რედაქტორი იძულებული გახდა მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად საქართველო დაეტოვებინა – ვინაიდან საფრთხე რეალური იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share